ნიჩბოსნობის ისტორია

ნიოჩბოსნობა სპორტის ერთ-ერთი ულამაზესი სახეობაა, რომელიც 1950-იან წლებში განვითარდა საქართველოში. თბილისსა და მცხეთაში პირველი სანიჩბოსნო ბაზები მოაწყვეს და სასწავლო ჯგუფები გახსნეს. მოგვიანებით ამ სახეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ფოთში, ქუთაისში, რუსთავსა და აფხაზეთში. სსრ კავშირის ჩემპიონატში საქართველოს სპორტსმენები პირველად 1958 წელს გამოვიდნენ და ოთხი ეკიპაჟი საუკეთესოთა ათეულში მოხვდა. ორი წლის შემდეგ ფოთში გამართულ ზონალურ ტურნირში ჩვენმა ნიჩბოსნებმა წყვილმოსასმელიანებით შეჯიბრებაში გამარჯვებაც მოიპოვეს.

1970 წელს საქართველოს ნაკრებს სათავეში ჩაუდგა მოსკოვიდან ჩამოყვანილი ცნობილი მწვრთნელი არკადი ნიკოლაევი, რომელიც გუნდს ზაფხულობით სიონში ამზადებდა, ზამთრობით კი – ფოთში. 1971 წელს სსრკ ხალხთა სპარტაკიადაზე საქართველოს ეკიპაჟმა რვაადგილიანებში III ადგილი დაიკავა, გივი ნიკურაძე კი საბჭოთა ნაკრებში ჩაირიცხა და 1973 წელს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალიც მოიგო. 1973-76 წლებში ნიკურაძემ სამჯერ მოიპოვა სსრკ ჩემპიონობა, 1975 წელს კი ტემზაზე გამართულ ჰენდლეის ცნობილ რეგატაში (ინგლისი) მონაწილეობდა. მაღალი ოსტატობით გამოირჩეოდნენ ოლეგ და აკაკი ქაფიანიძეები, ნუგზარ პილიევი, ოთარ ბერაძე, ბეჟან ხურციძე და სხვები.

საქართველოს ნიჩბოსნობისა და კანოეს ფედერაცია დაფუძნდა 1991 წლის 27 ივლისს. 1991 წლიდან აკადემიური ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (FISA) წევრია. პრეზიდენტები: ანზორ ჭლიკაძე (1991-95), ბეჟან ხურციძე (1996-2016), ვახტანგ ალანია (2016 წლიდან).