საქართველოში აკადემიური ნიჩბოსნობა 1950-იან წლებში გავრცელდა. ამ სახეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ფოთში, ქუთაისში, მცხეთაში და რუსთავში. საქართველოში სანიჩბოსნო სპორტი წარსულში მაღალ დონეზე იყო განვითარებული და გააჩნია დიდი ტრადიცია.

საქართველოს ჰყავდა მსოფლიო დონის ნიჩბოსნები, მათ შორის გამოვყოფდი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტსა და მრავალი საერთაშორისო რეგატის გამარჯვებულს, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს ბატონ გივი ნიკურაძეს; მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს ბატონ ოლეგ ქაფიანიძეს; საკავშირო ხალხთა სპარტაკიადებისა, საკავშირო ჩემპიონატებისა და თასის მფლობელებს – გ. სირბილაძეს, ნ. მიქაუტაძეს, გ. კუციას, რ. კუდინოვს, კ. ხიზანიშვილს, ვ. მანაგაძეს, ფ. ბირკაიას.

წლების მანძილზე აკადემიურ ნიჩბოსნობაში წარმატებით მუშაობდნენ ოთარ ბერელიძე, ვერა ყიფიანი, ოთარ ხომერიკი, აკაკი ხამხაძე და სხვა მწვრთნელები, მაგრამ მათი დაწყებული საქმე ვეღარ გაგრძელდა. 90-იანი წლების მოვლენების შემდეგ სანიჩბოსნო სპორტის განვითარება შეფერხდა, დაინგრა, გაპარტახდა და გაიყიდა, როგორც ქალაქებში ადგილობრივი, ასევე ფედერაციის სანიჩბოსნო ბაზები. ამან უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოში ნიჩბოსნობის განვითარებაზე და შემდგომი წლები არ გამოირჩევა ამ სპორტში დიდი მიღწევებით.

საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაცია 1991 წელს დაარსდა და მასში იყო გაერთიანებული როგორც აფროსნობის ასევე კანოეს ფედერაციაც.

შემდგომ წლებში აფროსნობა და კონოე გამოეყო და 2012 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაცია.

ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი 1991 – 1995 წლებში იყო ანზორ ჭლიკაძე; 1996 – 2016 წლებში – ბეჟან ხურციძე; ხოლო 2016 წლიდან ვახტანგ ალანია.